ანა ჩიქოვანი
დანაშაულის გაშუქება ქართულ მედიაში
მედიის როლი დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპებისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც
მნიშვნელოვანია  ინდივიდის აზრის დაფიქსირება, სახელმწიფოს კონტროლის განხორციელება და ანგარიშვალდებულების ელემენტის არსებობა სახელმწიფოში, მასსა და ინდივიდს შორის.

კრიმინალი, დანაშაულებრივი ქმედების გაშუქება მნიშვენოლოვანია და აიხსნება იმით, რომ  პირველ რიგში, დაცული იყოს ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს თანამედროვე სახელმწიფოს არსს. ამ დროს რამდენადაც დიდია მედიის მნიშვნელობა, რამდენადაც ის გვაძლევს შანსს იმისას, რომ გამოვხატოთ საკუთარი სათქმელი, გავიგოთ სხვისი და ვაკონტროლოთ ხელისუფალის მოქმედება, იმდენად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მას. არსებობს შესაბამისი სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც კრიმინალი მედიის მხრიდან უნდა შუქდებოდეს. ქართულ რეალობაში, სამწუხაროდ, ხშირად გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც მედია მის პასუხისმგებლობას შესაბამისად არ ეკიდება და კრიმინალის გაშუქების სტანდარტებს უგულვებელყოფს. ამ მხრივ საინტერესოა იმის მიმოხილვა, თუ რა სახის დარღვევებს ვხვდებით ქართულ მედიაში.

ზოგადი წესების თანახმად, დანაშაულის გაშუქებისას მედიამ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია, თავი აარიდოს ჭორებს და უსაფუძვლო ვარაუდებს, აგრეთვე  დაუშვებელია მედიის მიერ იმ სიუჟეტის გაშუქება, რომელიც წაახალისებს ან აღწერს დანაშაულს. უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელების მაგალითია, მედიის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს დოროყაშვილ-ბასილაშვილს შორის ფარული გარიგება იყო დადებული. არაზუსტი ინფორმაციის მაგალითი გახლდათ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის მხრიდან პიროვნების არასწორი იდენტიფიცირება. ჟურნალისტის შეცდომის საფუძველზე სინამდვილეში არაფიგურანტი ადამიანი დანაშაულთან დაკავშირდა. დანაშაულის აღწერას, მის წახალისებას პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების ფონზე, ხშირად ვხვდებით ფემიციდის გაშუქებისას.


როდესაც მედია ახდენს დამნაშავის, მსხვერპლის ან სხვა საქმესთან დაკავშირებული პირის იდენტიფიცირებას, ამის საპირწონედ, პირველ რიგში, უნდა იდგეს ლეგიტიმური მიზანი საჯარო ინტერესის სახით. ამ მხრივ, დანაშაულის გაშუქებისას აღნიშნული სტანდარტი კიდევ უფრო მკაცრია, როცა დანაშაულში ფიგურირებს არასრულწლოვანი, ამ დროს მედიის მხრიდან აღნიშნული პირის იდენტიფიკაცია დაუშვებელია. მედიის მხრიდან იდენტიფიკაცია არ უნდა მომხდარიყო მაშინ, როდესაც მედიამ აჩვენა დედა და ბებია იმ არასრულწლოვანის, რომელმაც სუიციდი სცადა. ამ შემთხვევაში სახეზე გვქონდა არასრულწლოვანის ირიბი იდენტიფიცირება.

როდესაც ჟურნალისტი რესპოდენტთან წერს ინტერვიუს, ამ დროს მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს მისი სულიერი მდგომარეობა, უთანაგძნოს და ამის შესაბამისად მოექცეს მას ინტერვიუს ჩაწერისას. ჟურნალისტი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ არ მოახდინოს მსხვერპლის რეტრამვირება. სამწუხაროდ, მედიასივრცეში არსებობს ისეთი ფაქტები, როდესაც მსხვერპლის სულიერ მდგომარეობაზე წინ ექსკლუზიური მასალის მოპოვება დგება. ამ მხრივ მნიშნელოვანი იყო ბოლო ხანებში ჩაწერილი ინტერვიუ თამარ ბაჩალეიშვილის გარდაცვლებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა, ფაქტობრივად, ძალით ჩაწერა ინტერვიუ გარდაცვლილის ახლო მეგობართან.


გაშუქებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრალდებულის ინტერესის და, ამდენად, უდანაშაულობის პრეზუფციის დაცვა. მედიის მიერ გაშუქებული მასალა ბრალდებულის ბრალეულობაზე მაყურებელს წინასწარ არ უნდა განაწყობდეს. მედია მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, არ ავნოს ბრალდებულის რეპუტაციას. ამ მხრივ დარღვევებს ვხვდებოდით ისეთ ცნობილ საქმეში, რომელიც ,,ხადას ხეობის ტრაგედიის” სახელით არის ცნობილი. აგრეთვე, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან აღნიშნულს ადგილი ჰქონდა რურუას საქმის გაშუქებისას, როდესაც კონკრეტული მედია მიზანმიმართულად ბრალდებულს სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან აკავშირებდა და მაყურებელს რურუას მიმართ უარყოფითად განაწყობდა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ხშირად ირღვევა მედიის მხრიდან, თუმცა აქ აღნიშნულის საპირწონედ საზოგადოებრივი ინტერესი გვევლინება. მნიშვნელოვანია თანაზომიერების პრინციპის დაცვა და ამის შესაბამისად გამოსადეგი, ნაკლებადმზღუდავი და პროპორციული ხერხის გამოყენება მედიის მხრიდან, როცა ის ადამიანის ინტიმურ სფეროში ერევა. ამ სტანდარტის დარღვევის მაგალითია ,,ხადას ხეობის საქმის” გაშუქება, როდესაც მედიამ მსხვერპლზე სექსუალური ძალადობის დეტალურად მიმოიხილა. მაგდა პაპიძის საქმეში იმ ფაქტის გასაჯაროება, რომ ბრალდებულს საყვარელი ჰყავდა, არა საზოგადოების ლეგიტიმურ საჯარო ინტერესის დააკმაყოფილებას, არამედ პაპიძის მორალურ გაკიცხვას ემსახურებოდა. აგრეთვე, ყოველგვარ საჯარო ინტერესს მოკლებული იყო ბაჩალეიშვილის საქმეში გარდაცვლილის მეგობრის ორიენტაციის განხილვა ტელე-ეთერის მეშვეობით.


მნიშვნელოვანია მედიის მხრიდან გაშუქებული ვიზუალური მასალა. ვიზუალური მხარის ჩვენებისას მედიამ საკუთარ ობიექტივში არ უნდა მოაქციოს ტანჯვისა და ტრაგედიის კადრები, აგრეთვე გარდაცვლილის გვამი და დასახიჩრებული სხეული. აღნიშნულის დარღვევას ხშირად ვხვდებით საზოგადოებისთვის განსაკუთრებით სენსიტიურ საქმეებში, როდესაც გარდაცვლილის სახით სახეზე ახალგაზრდა მსხვერპლია, შაქარაშვილი, ბაჩალიაშვილი თუ სხვა.

ზემოთქმულიდან გამოდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მედია დანაშაულის გაშუქებისას რიგ შემთხვევებში არღვევს სტანდარტებს. თუმცა, უნდა აღნიშნოს ისიც, რომ სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმად გვევლინება სწორედ მედიის მხრიდან დანაშაულის გაშუქება და მისი ალტერნატიული გამოძიება. სწორედ ამაში შეგვიძლია მოვიაზროთ მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების როლი. ამ მხრივ ქართული მედიის ძალისხმევა ნამდვილად დასაფასებელია, რამეთუ მას დანაშაულის გამოააშკარავებასა თუ მის გამოძიებაში ხშირად მიუძღვის წვლილი.

ვინაიდან მედია, როგორც ხელისუფლების მეოთხე შტო, ისე გვევლინება, ამით აიხსნება ის ვალდებულებები, რაც მედიას აკისრია. სახეზე არ გვექნება ზემოთ განხილული დარღვევები, თუ მედიის მიერ დანაშაული თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად გაშუქდება. სახელმწიფო ვერ შეზღუდავს მედიის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ მედია უნდა იყოს ის ობიექტური და მიუკერძოებელი წყარო, რომელიც მეოთხე ხელისუფლების სტატუსს და ფუნქციას შესაბამისად ფლობს და იყენებს.

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website